უნიკალური კონტენტი – ეს ალბათ ყველა ძლიერი სოციალური მედია მენეჯერის ოცნება და მიზანია. ისინი მუშაობენ სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელ ბიზნესებთან და უამრავ დროს ატარებენ კონტენტის მოფიქრებასა და შექმნაში. იქნება ეს ფოტოგრაფია, ვიდეო კონტენტი, გრაფიკული დიზაინი თუ ქოფირაითინგი, მათი ამოცანაა შეადგინონ მომხმარებელთან კომუნიკაციის საუკეთესო სტრატეგია.
დღეს განვიხილოთ, თუ რატომ არის ორიგინალური, უნიკალური კონტენტი კომპანიებისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე ციფრულ მარკეტინგს ეხება.
ბრენდი
მარკეტოლოგები ხშირად საუბრობენ ბრენდის სახესა და პერსონაზე. ისინი ბევრს მუშაობენ ბრენდის ხასიათის შექმნაზე და შემდგომ მის შენარჩუნებაზე. სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რასაც ბრენდი სოციალურ ქსელში მომხმარებლებს უზიარებს, მოქმედებს მის იმიჯზე და ქმნის ერთიან, დიდ სურათს.
კონტენტი გვეხმარება მომხმარებელთან კომუნიკაციაში და წარმოაჩენს ჩვენი ბრენდის სახესა და ხასიათს. დღეს, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, ხშირად ძალიან რთულია განსხვავდებოდე სხვა, საერთო ინდუსტრიაში მყოფი კომპანიებისგან. სწორედ ამიტომ, უნიკალური და ორიგინალური კონტენტის შექმნა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ორიგინალური, თვალწარმტაცი კონტენტის შექმნით თქვენ თქვენს აუდიტორიას რაღაც განსხვავებულს და დასამახსოვრებელს აძლევთ, ქმნით საინტერესო გამოცდილებას თქვენი გამომწერებისთვის და ლოიალურობისკენ უბიძგებთ მათ.
ნდობა
უნიკალური კონტენტი არა მხოლოდ თქვენი ბრენდის იდენტურობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, არამედ ეხმარება მომხმარებლებს ნდობის მოპოვებაში.
უნიკალური კონტენტი მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი ფორმაა, რაც თავის მხრივ, სწორედ ნდობის საფუძველია.
როდესაც თქვენი აუდიტორია ხედავს, თუ როგორ აქტიურობთ სოციალურ ქსელში, იქნება ეს ორიგინალური კონტენტის გაზიარება თუ კომენტარებზე სწრაფი რეაგირება, ყალიბდება ნდობა და ერთგულება.
როდესაც თქვენ ქმნით უნიკალურ ღირებულებას და სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ, თქვენი აუდიტორია არა მხოლოდ გენდობათ თქვენ, არამედ ინდუსტრიაში კომპეტენტურ ავტორიტეტადაც აღგიქვავთ. ეს კი, ძალიან დიდ გავლენას ახდენს პროდუქტის შესყიდვის გადაწყვეტილების მიღებაზე.
ინგეიჯმენთი
უნიკალური კონტენტი ციფრულ პლატფორმებზე ინგეიჯმენთის გმირია. დაფიქრდით, რატომ მოიწონებს ან გააზიარებს ვინმე კონტენტს, რომელიც უკვე ნანახი აქვს? უნიკალური კონტენტის შექმნით თქვენი გამომწერები მუდამ თვალს გადევნებენ თქვენ, რადგან იციან, რომ ყოველთვის მიიღებენ უახლეს ინფორმაციას.
SEO საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია
და რა თქმა უნდა, არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს SEO. ორიგინალური, მაღალი ხარისხის კონტენტი ყოველთვის გაზრდის თქვენს რეიტინგს, როდესაც საქმე საძიებო სისტემების ოპტიმიზაციას ეხება.
Google-ს სურს თავის მომხმარებლებს უნიკალური, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, თუკი თქვენ მომხმარებლებს უნიკალურ, ორიგინალურ კონტენტს სთავაზობთ, Google დაგეხმარებათ მოიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები და შეეცდება მეტ ადამიანს აჩვენოს თქვენი კონტენტი.
Google-ს 2022 წლის მაისის განახლება სწორედ ვებ-საიტების კონტენტის უნიკალურობასა და მისი ხარისხის გაუმჯობესებას მოიცავდა.


