ციფრული მარკეტინგული სტრატეგია დღეს იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბიზნეს სამყარო დღითიდღე ვითარდება და იზრდება კონკურენცია, რაც მარკეტერებს სტრატეგიის შექმნისა და გაძლიერებისკენ გვიბიძგებს.
საიდან უნდა დავიწყოთ წარმატებული ბიზნესის შენება? დამეთანხმებით, რომ ამისათვის საჭიროა ძლიერი გუნდი, სწორი ხელსაწყოები, შესაბამისი ბიზნეს პარტნიორები და ძლიერი, გათვლილი სტრატეგია.
შეიძლება ითქვას, რომ ბიზნეს სამყარო დღეს ინტერნეტ სივრცეში „ცხოვრობს”. ადამიანები დღეს ინტერნეტს ყველა სხვა კომუნიკაციის საშუალებაზე მეტად იყენებენ. ისინი საათებს ატარებენ ინტერნეტ-სივრცეში სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად. მომხმარებლებს დღეს ულიმიტო წვდომა აქვთ ნებისმიერ ინფორმაციაზე, სწორედ ამიტომ, ციფრული მარკეტინგი ბიზნესებისთვის მთავარი შთაგონების წყაროა. ბოლო 5 წლის განმავლობაში კომპანიების უმეტესობამ შეცვალა საკუთარი მარკეტინგული სტრატეგია და გადაერთო ციფრულ ტრენდზე.
ციფრული მარკეტინგი ნამდვილად უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბიზნესის წარმატებასა და მომხმარებლების მოზიდვაში. მიუხედავად ამისა, ბიზნესის მფლობელების უმეტესობას დღესაც უჭირს ციფრულ მარკეტინგში გარკვევა და სტრატეგიის შედგენა.
დღეს განვიხილავთ, თუ რატომ არის ციფრული მარკეტინგული სტრატეგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა ბიზნესისთვის და როგორ გვეხმარება ის მცირე თუ საშუალო ბიზნესში.
რა არის ციფრული მარკეტინგი?
ციფრული მარკეტინგი არის ბრენდის ან მისი პროდუქტების რეკლამა და პოპულარიზაცია ციფრული არხების საშუალებით. ციფრული მედიის არხები მოიცავს ვებსაიტებს, იმეილ მარკეტინგს, კონტენტ მარკეტინგს, SEO-ს და სხვა ნებისმიერ მარკეტინგულ მედიას, რომელიც მომხმარებელს ელექტრონული გზით მიეწოდება.
მარკეტინგი სწორედ ჩვენზე მორგებულ აუდიტორიასთან დაახლოებას ემსახურება. ციფრული მარკეტინგის განვითარებამ კი, გამოიწვია ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივწვდეთ მომხმარებლებს იქ, სადაც ისინი ყველაზე დიდ დროს ატარებენ – ინტერნეტ სივრცეში.
ციფრული მარკეტინგი მცირე ბიზნესისთვის
მცირე ბიზნესის მფობელების უმეტესობა ხშირად სვამს კითხვას: რამდენად სჭირდება ჩემს მცირე ბიზნესს ციფრული მარკეტინგული სტრატეგია და ჩემი მომხმარებლების რა რაოდენობაა ონლაინ?
სმარტფონების მომხმარებლების რიცხვი მთელ მსოფლიოში დღითიდღე იზრდება. მომხმარებელთა ეს მზარდი რაოდენობა დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტ სივრცეში ატარებს. ბოლო გამოკითხვის შედეგად, ინტერნეტის მომხმარებელთა 48% 16-25 წლის ასაკობრივ ჯგუფშია და მათზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური მედია.
მცირე ბიზნესებისთვის სოციალური მედიის მნიშვნელობა ბოლო ათწლეულში შესამჩნევად გაიზარდა. გარდა ამისა, ბიზნესებისთვის ციფრული კამპანიების დეტალურად შეფასება ბევრად უფრო მარტივი და სახარბიელო გახდა, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგული კამპანიების შეფასება. მეტიც, ციფრული მარკეტინგის კამპანიების დროს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვაწვდენთ ხმას, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგის მეშვეობით.
დღეს, როდესაც რაიმე ინფორმაციის მოძიება გვჭირდება, არ ვეკითხებით ახლობლებს, არ ვეძებთ ენციკლოპედიებს და ა.შ. მარტივად ვიღებთ მობილურ ტელეფონს ან ლეპტოპს, ვწერთ კითხვას და სულ რაღაც 20 წამში პასუხი უკვე ეკრანზე გვაქვს.
ციფრული მარკეტინგის ხელსაწყოები
ციფრული მარკეტინგული ხელსაწყოებია: ვებსაიტი, სოციალური მედია არხები, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია, საძიებო სისტემების მარკეტინგი, ვიდეო მარკეტინგი, იმეილ მარკეტინგი, ონლაინ მარკეტინგი და სხვა.
განვიხილოთ თითოეული ციფრული მარკეტინგის ხელსაწყო, რათა შეგვექმნას წარმოდგენა თუ როგორ უნდა შევადგინოთ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია:
SEO (Search Engine Optimization) – საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია
SEO არის ვებსაიტის ოპტიმიზაციის პროცესი საძიებო სისტემების შედეგების გვერდზე (SERP-ში) უფრო მაღალი ადგილის მისაღწევად. უფრო მარტივად რომ აღიქვათ, SEO გვეხმარება Google-ში ადგილის დამკვიდრებაში. წარმოვიდგინოთ, რომ საძიებო სისტემაში, მაგალითად Google-ში ვეძებთ პროდუქტს, რომელიც გვაინტერესებს.
მაგ: უკაბელო ყურსასმენები – შედეგების გვერდზე პირველად ვიხილავთ იმ ვებსაიტებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ SEO ოპტიმიზაცია და სარგებლობენ დიდი ტრაფიკით.
ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად SEO საუკეთესო ხელსაწყოა.
Content Marketing – კონტენტ მარკეტინგი
კონტენტ მარკეტინგი მომხმარებელთან კომუნიკაციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც გამოიყენება როგორც მომხმარებლების, ასევე პოტენციური მომხმარებლების მოსაზიდად. ჩვეულებრივ, კომპანიები მას ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით იყენებენ.
Social Media Marketing – სოციალური მედია მარკეტინგი
სოციალური მედია მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფორმაა. ეს ბიზნესებისთვის ინტერნეტ სამყაროში პირველი ციფრული ნაბიჯია, რომელსაც, უდაოდ, ძალიან კარგი შედეგი მოაქვს.
Email Marketing – იმეილ მარკეტინგი
ელფოსტა ხშირად გამოიყენება კონტენტის, შეთავაზებების, ღონისძიებების გასავრცელებლად. იმეილ მარკეტინგიც ხშირად გვეხმარება ვებ-საიტის ტრაფიკის გაზრდაში.
რატომ ციფრული მარკეტინგული სტრატეგია?
ეფექტური ხარჯი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ციფრული მარკეტინგი ტრადიციულ მარკეტინგზე ბევრად უფრო ეფექტურია. რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად შეზღუდული რესურსები და ბიუჯეტი აქვთ, ციფრული მარკეტინგი მათთვის განსაკუთრებით მომგებიანია. როგორც უკვე განვიხილეთ, არსებობს უამრავი უფასო გზა ტრაფიკისა და ორგანული რიჩის გასაზრდელად.
მეტი ჩართულობა
თუკი თქვენს მომხმარებლებთან კომუნიკაციის დასამყარებლად ციფრულ კონტენტს გამოიყენებთ, ეს საშუალებას მოგცემთ ჩართოთ ისინი უამრავ კამპანიაში ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე ტრადიციული მარკეტინგი შეძლებდა. თქვენი ციფრული მარკეტინგული სტრატეგია პირდაპირ არის დაკავშირებული ბიზნესის წარმატებასთან.
ასევე ნახეთ: როგორ გავზარდოთ ორგანული რიჩი
უფრო მაღალი ROI (Return On Investment)
ციფრული მარკეტინგული სტრატეგიების დანერგვით შეძლებთ შემოსავლის ოპტიმიზაციას. რაც უფრო მეტ მონაცემს ამოიღებთ და გააანალიზებთ ონლაინ კამპანიებიდან, მით უფრო სტრატეგიულად შეძლებთ დაგეგმოთ ხარჯები და გაზარდოთ ინვესტიციიდან დაბრუნებული შემოსავალი.
ანალიზი
ციფრული პლატფორმები საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ ისეთი ანალიტიკური სერვისები, როგორიცაა Google Analytics, Facebook Pixel და სხვა. ეს პლატფორმები გეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი მომხმარებლების ყველა ქმედება, ტენდენცია და ქცევა. ანალიტიკა გაძლევთ საშუალებას უკეთ გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი.
მეტი გამომწერი
სოციალური მედიის მარკეტინგი ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია. ბევრი კომპანია მეტ მნიშვნელობას ანიჭებს მარკეტინგის სხვა მეთოდებს, თუმცა, რაც უფრო მეტი „მოწონება”, გაზიარება, კომენტარი ექნება ჩვენი სოციალურ მედიის კონტენტს, მით მეტი იქნება ნდობა პროდუქტის მიმართ და გაიზრდება მომხმარებლების რაოდენობა. გარდა ამისა, თუ ამ პლატფორმებს გონივრულად გამოიყენებთ, ვებსაიტის ტრაფიკის გაზრდასაც მარტივად შეძლებთ.
კონკურენციის დადებითი მხარე
ყოველწლიურად უფრო მეტი კომპანია ერთვება ციფრულ მარკეტინგულ ბრძოლაში და საკმაოდ დიდ ფულად რესურსს ხარჯავს რათა გახდეს აქტუალური. ისინი უფრო მეტად ყურადღებას ამახვილებენ SEO, PPC ან სოციალური მედიის ხარჯებზე. ამის გამო ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.
როგორც მცირე ბიზნესი, თქვენ ნაკლები შანსი გაქვთ გაუწიოთ კონკურენცია ასეთ დიდ მოთამაშეებს, თუმცა საკუთარი შემოსავლის მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს.


