რა არის SEO? თუ ციფრული მარკეტინგის სამყაროში ახლახანს შემოაბიჯეთ, დარწმუნებული ვარ, ეს კითხვა არაერთხელ გაგიჩნდებოდათ. SEO-ს გარშემო მუდამ დიდი აჟიოტაჟია.
გამოცდილი მარკეტერები ცდილობენ გააუმჯობესონ SEO უნარები, დაეკითხონ პროფესიონალ კოლეგებს, გაუზიარონ ერთმანეთს ხრიკები და რჩევები. პარალელურად კი, დამწყები მარკეტერები ცდილობენ არ ჩამორჩნენ ამ უმნიშვნელოვანესი ხელსაწყოს განვითარებას და მალევე ჩაებან მის შესწავლასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.
თუკი თქვენც ამ დამწყებთა რიცხვს მიეკუთვნებით, დღეს სიამოვნებით დაგეხმარებით ამ ლაბირინთში გზის გაკვლევაში. დავიწყოთ ისევ თავიდან, რა არის SEO?
რა არის SEO?
მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, SEO, იგივე საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია გვეხმარება საძიებო სისტემებში (Google, Bing, Yahoo, ა.შ) ადგილის დამკვიდრებაში. როდესაც საძიებო სისტემაში, Google-ში ვეძებთ პროდუქტს, რომელიც გვაინტერესებს, მაგალითად: უკაბელო ყურსასმენები – შედეგების გვერდზე პირველად ვხედავთ იმ ვებსაიტებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ SEO ოპტიმიზაცია და სარგებლობენ დიდი ტრაფიკით. ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად SEO საუკეთესო საშუალებაა.
SEO და UX (User Experience – განსაზღვრავს, თუ რამდენად კომფორტული გამოსაყენებელია საიტი მომხმარებლებისთვის) ერთმანეთთან შეთანხმებულად მუშაობენ. SEO თქვენს ბიზნესს მომხმარებელთან ნდობის დამყარებაში ეხმარება. ხოლო UX განსაზღვრავს თუ როგორ ურთიერთობს თქვენი აუდიტორია ვებსაიტთან – რამდენად კომფორტულია საიტი, მარტივია თუ არა ინფორმაციის მოძიება საიტზე, რამდენად სანდო ჩანს ის და ა.შ.
როდესაც საიტი ვიზუალურად და ტექნიკურად გამართულია, უფრო მეტ მომხმარებელს უჩნდება სურვილი დარჩეს საიტზე და მიიღოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია იქ. როდესაც ეს ხშირად ხდება, Google თვლის, რომ ჩვენი საიტი და კონტენტი ნამდვილად სანდო და უნიკალურია, რის გამოც ცდილობს მეტ ადამიანს აჩვენოს ჩვენი კონტენტი და SERP-ზე (საძიებო სისტემების შედეგების გვერდი) წინ გვწევს, ან სულაც პირველ ადგილზე გვსვავს. კარგი SEO და UX ნიშნავს, რომ თქვენი ბიზნესი ორგანულად მარტივად დაამყარებს ნდობას.
თუკი მომხმარებლებს ამომწურავად მიაწვდით იმ ინფორმაციას, რომელსაც ეძებენ, თქვენ მათთვის სანდო წყაროდ ჩაითვლებით. მომხმარებლებმა კარგად იციან, თუ რა უნდათ. ამიტომ, თუ თქვენ არ დააკმაყოფილებთ მათ სტანდარტებს, თქვენი ვებ-საიტი დაზარალდება. არ სცადოთ მომხმარებლების მოზიდვა გაზვიადებული ან შეუსაბამო სათაურებით.
რაც უფრო სწორედ და ზუსტად მიაწვდით მომხმარებლებს იმ ინფორმაციასა თუ პროდუქტს, რომელსაც ეძებენ, მით უფრო გაზრდით ნდობას თქვენი ვებსაიტის მიმართ. შესაბამისად, რაც უფრო მეტად გენდობათ მომხმარებელი, მით უკეთესი შედეგი ექნება SEO-ს.
ხილვადობა იზიდავს მომხმარებელს
ორგანული გზით ხილვადობის მოზიდვა გულისხმობს, რომ თქვენი ვებსაიტი ჩნდება მაშინ, როდესაც მომხმარებლები თქვენს პროდუქტს ან/და სერვისს ეძებენ. პოტენციურ მომხმარებელს შეუძლია გიპოვოთ თავისი მოთხოვნილებების შედეგად. ამ მოთხოვნილებებს კი, Google და სხვა საძიებო სისტემები, Key Word-ების, იგივე საკვანძო სიტყვების საშუალებით ადგენენ. როდესაც მომხმარებელი ხვდება, რომ თქვენ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები და ინტერესები, იწყება თქვენს საიტთან ინტერაქცია.
SEO არის ხილვადობის გზა, რომელმაც, თქვენი მიზნიდან გამომდინარე, შესაძლოა გავლენა იქონიოს ყიდვის ციკლზე. იცოდეთ, თუ რას ეძებენ ადამიანები SEO-ს საფუძვლიანი კვლევის ჩატარებით, ნამდვილი წარმატების გასაღებია.
ლოკალური SEO-სთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იცნობდეთ თქვენს აუდიტორიასა და მათ საჭიროებებს. განვიხილოთ, რა იგულისხმება ლოკალურ SEO-ში:
ლოკალური SEO საძიებო შედეგებში თქვენი ბიზნესის გეოგრაფიულ ლოკაციას იყენებს. ხშირად, თქვენს მდებარეობას შეუძლია ხელი შეუწყოს თქვენი ბიზნესის ონლაინ ხილვადობას. როდესაც პოტენციური მომხმარებელი ეძებს ადგილს, ან თუნდაც მომსახურებას მის ლოკაციასთან ახლოს, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა იყოთ ბიზნესი, რომელიც ამ ძიების შედეგად პირველ ადგილზე, ან ტოპ 10-ში იდგება. ლოკალური SEO-ს გაზრდა ზრდის თქვენს ონლაინ ხილვადობას, რაც თავისთავად იწვევს პოტენციური მომხმარებლების რაოდენობის ზრდას.
განსხვავება ფასიან და ორგანულ ძიებებს შორის
ციფრული მარკეტინგის დიდი ნაწილი სწორედ საძიებო სისტემების მარკეტინგია (SEM). SEM არის ფასიანი საძიებო მარკეტინგი. როდესაც ბიზნესი SEM-ს იყენებს, ძიების შედეგად მათი ვებ-საიტი პირველ ადგილზე გვხვდება. ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ძალიან მომგებიანია და მნიშვნელოვნად ზრდის ვებ-საიტის ტრაფიკს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოცდილი და გათვიცნობიერებული მომხმარებლების უმეტესობა ხვდება, SERP-ის რომელი შედეგია რეკლამა და რომელი ორგანული. ამ შემთხვევაში, მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან ორგანული ძიების შედეგით მიღებულ კონტენტს, ვიდრე რეკლამას. თქვენი საბოლოო მიზანიც სწორედ ორგანული ტრაფიკის მოპოვება უნდა იყოს.
შეჯამება: ფასიანი საძიებო კამპანიები შეიძლება გამოყენებულ იქნას თქვენს სასარგებლოდ, თუკი მას სტრატეგიულად და სწორედ გააკეთებთ. ფასიან საძიებო კამპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ გაყიდვების რიცხვი. ორგანული შედეგი კი, გრძელვადიან პირობებში, მეტ პოტენციურ მომხმარებელს მოიზიდავს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბაზარზე SEM საკმაოდ პრობლემატურია, რადგან საძიებო სისტემებში ქართულ საკვანძო სიტყვაზე ფასიანი რეკლამის გაშვება შეზღუდულია.
უნდა გამოვიყენო თუ არა SEO?
მოკლე პასუხია, დიახ! SEO არის მიზანმიმართული, მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც ზრდის თქვენი ბიზნესის ციფრული მარკეტინგის ხარისხსა და მის ხილვადობას. SEO თქვენს ბიზნესს მნიშვნელოვნად ეხმარება. ის რთული, მუდამ განვითარებადი პრაქტიკაა.
SEO მართავს ტრაფიკს, ხელს უწყობს თქვენი ბრენდის პოპულარიზაციას და იზიდავს უამრავ პოტენციურ მომხმარებელს. SEO არის თქვენი ბიზნესის წარმატებული ციფრული მარკეტინგის განუყოფელი კომპონენტი.


