ფეისბუქის ორგანული რიჩი – ეს ზუსტად ის ტერმინია, რომელზეც მარკეტერები მუდამ ბჭობენ და ყოველდღიურად ახალ გზებს ეძებენ მის გასაზრდელად. რა თქმა უნდა, ყველა მარკეტერს გვსურს, რომ ჩვენი პოსტი ორგანულად რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს. შედეგად, სოციალურ მედიაში ჩვენი გვერდი პოპულარობითაც ისარგებლებს და ფასიანი რეკლამისთვის ნაკლები რესურსიც დაგვჭირდება.
რა თქმა უნდა, რიჩის გასაზრდელად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აპრობირებული მეთოდი სწორედ რეკლამის გაშვებაა, თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე, „უფასო” გზა, რომელსაც მარკეტერები ხშირად მიმართავენ. დღეს სწორედ ამ გზებსა და ხრიკებზე ვისაუბრებთ.
დავიწყოთ თავიდან, რა არის ფეისბუქის რიჩი?
რა არის Facebook-ის ორგანული რიჩი
ფეისბუქის ორგანული რიჩი გულისხმობს იმ უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობას, რომლებმაც თქვენი პოსტი „უფასოდ” ნახეს, ანუ ფეისბუქზე „სქროლვისას” შეხვდათ.
ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ სოციალური ქსელები ან/და საძიებო სისტემები თავის მომხმარებლებზე ზრუნავენ, სწორედ ამიტომ ისინი თქვენს კონტენტს მხოლოდ იმ ადამიანთა ჯგუფს აჩვენებენ, რომელთა ინტერესებშიც შედის თქვენი ინდუსტრია.
ფასიანი რიჩი გვიჩვენებს იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებმაც თქვენი კონტენტი ფასიანი რეკლამის შედეგად იხილეს. ფასიანი რიჩი დამოკიდებულია თქვენს მიერ შექმნილ რეკლამის აუდიტორიაზე. გარდა ამისა, ფასიანი რიჩი მომავალში თქვენს ორგანულ რიჩზეც ახდენს გავლენას.
მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე მარტივადაა.
ფეისბუქის რიჩი შეიძლება გაიზომოს როგორც პოსტის, ასევე თვითონ გვერდის მაგალითზე. თუ თქვენი ფეისბუქ გვერდის რიჩი მაღალი და ზრდადია, ესეიგი თქვენს კონტენტს ბევრი ადამიანი ნახულობს.
თუმცა, კონკრეტულმა პოსტებმა შესაძლოა არც თუ ისე დიდ რიჩს მიაღწიოს ან სულაც, ჩავარდეს.
რატომ? იმიტომ, რომ რიჩი ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ ფაქტორებს კი, ფეისბუქის ალგორითმს ვუწოდებთ.
რატომ უნდა ვიზრუნოთ ფეისბუქის ორგანულ რიჩზე?
ორგანული რიჩი თქვენი სოციალური მედიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიფიქროთ ორგანული რიჩის გაზრდაზე:
1. შეამცირებთ სარეკლამო ხარჯებს
Facebook-ის რეკლამა ყოველდღიურად იხვეწება და ჭკვიანდება. მიზნობრივი აუდიტორიის დახვეწა კი, ყველა მარკეტერის ოცნებაა.
AdExpresso-მ ანალიტიკა ჩაატარა 100 მილიონ დოლარზე მეტ სარეკლამო ხარჯზე და შედეგად ერთ-ერთი წლის რეკლამის საშუალო ღირებულება დაადგინა.
აი რა აღმოაჩინეს:

როგორც ხედავთ, რეკლამების საშუალო CPC (Cost Per Click) შეიძლება ძალიან დაბალიც იყოს, თუკი რეკლამის წარმატებაზე დამოკიდებულ ფაქტორებს შეისწავლით.
თუმცა, არსებობს შემთხვევებიც, როდესაც ფეისბუქის რეკლამაზე ძალიან დიდ ფულად რესურსს ხარჯავენ და უკან ვერაფერს იღებენ.
ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ თქვენი რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად და სარეკლამო ხარჯის შესამცირებლად, მაღალი ორგანული რიჩის ქონა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
2. ორგანული რიჩი: გაზრდის შესაძლებლობა
ორგანული რიჩის გაზრდის შესაძლებლობა დღეს იმაზე უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ადრე, სოციალურ ქსელში აქტიურობისთვის არ გვქონდა ასეთი მრავალფეროვნება. ჩვენი არჩევანი შედგებოდა მხოლოდ ტექსტ-პოსტების, ფოტო-ვიდეო პოსტებისა და რეკლამებისგან.
ახლა Facebook გვთავაზობს უამრავ ფუნქციას, როგორიცაა Facebook Stories, Facebook Watch, Groups და Live. ბევრი კომპანია მაინც არ იყენებს ამ ფუნქციებს. თუმცა, სწორედ ეს ქმნის უდიდეს შესაძლებლობას თქვენთვის, გაზარდოთ ორგანული რიჩი ნაკლებად კონკურენტულ გარემოში.
3. მოიპოვებთ მეტ ლიდს და ორგანულ კონვერტაციას
ბევრი ადამიანი იყენებს სოციალურ მედიას მხოლოდ ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად. ეს ნორმალურია – თუმცა ისინი ძალიან ბევრ შესაძლებლობას უშვებენ ხელიდან.
Lead Generation (ლიდ გენერატორი) სწორედ ერთ-ერთი ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა. ის ასევე წარმატებული მარკეტინგული კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ლიდ გენერატორის დახმარებით შეძლებთ მოიზიდოთ პოტენციური მომხმარებლები და შეიყვანოთ ისინი თქვენი გაყიდვების ბაზაში. ხშირად, ლიდ გენერატორის გამოყენება მარკეტერებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, თუმცა არსებობს მისი ორგანულად გამოყენების საშუალება.
შედეგად, ამ პოტენციური მომხმარებლების, რეალურ მომხმარებლებად გადაქცევის შანსიც უფრო დიდი იქნება.
როგორ გავზარდოთ Facebook-ის ორგანული რიჩი?
1. მეტი ბუნებრივობა და ნაკლები სააქციო პოსტები
როგორც უკვე განვიხილეთ, Facebook-ის ალგორითმი მაქსიმალურად ეყრდნობა მისი მომხმარებლების ინტერესებს. არ არის აუცილებელი, რომ თქვენი ყველა პოსტი სარეკლამო, ან/და სააქციო ხასიათის იყოს.
პირიქით, შეეცადეთ რომ კონტენტის 80% საინტერესო და მომხმარებელზე მორგებული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი გამომწერები ან/და პოტენციური მომხმარებლები ინტერესს მალევე დაკარგავენ და Unlike ღილაკსაც არ მოერიდებიან.
გამოიყენეთ ფეისბუქი მომხმარებლების ნდობის და ლოიალობის გასაზრდელად. შექმენით მეტად ღირებული კონტენტი თქვენი აუდიტორიისთვის.
გთავაზობთ კონტენტის რამდენიმე ვარიანტს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ:
- ბრენდის ისტორია
- თანამშრომლების ფოტოები
- იუმორისტული ტექსტ-პოსტები
- გამოკითხვა – პოსტები
2. „მუდამ ტრენდული” პოსტები
რაც არ უნდა იყოს თქვენი Facebook გვერდის მიზანი – იქნება ეს შემოსავლის გაზრდა თუ ტრაფიკის გაძლიერება – „მუდამ ტრენდული” პოსტები თქვენს განკარგულებაში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია.
რას ნიშნავს „მუდამ ტრენდული” პოსტები?
ამის მარტივი მაგალითი, ქართული ბაზრისთვის, Marketer-ის ფეისბუქ გვერდია. თუკი Marketer-ის აქტიური გამომწერი ხართ, აუცილებლად შეგხვდებოდათ სახალისო, გამოკითხვა-პოსტები, რომელიც წლების განმავლობაში არ კარგავს აქტუალურობას.
ასეთი ერთ-ერთი პოსტია: დაწერეთ სიტყვა, რომელიც არ მოგწონთ.

ეს ტექსტ-პოსტი (იგივე სტატუსი), ონლაინ ჟურნალმა 2018 წელს დაწერა. თუმცა, მისი კომენტარები მუდამ განახლებადია და წელიწადში ერთხელ მაინც გვახსენებს თავს.
დღეს ამ პოსტს ფეისბუქზე 39 ათასი კომენტარი აქვს, რაც საქართველოს ბაზრისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
3. Facebook ჯგუფი ყველაზე აქტიური გამომწერებისთვის
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Facebook-ი სწორედ საზოგადოებების შესაქმნელად და ნეთვორქინგისთვის დაარსდა. აქტიური, ერთგული წევრებით სავსე ჯგუფი სოციალური მედიის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია.
თქვენ, როგორც ბიზნესს, გაქვთ ორი შესაძლებლობა:
- დააარსოთ თქვენი Facebook ჯგუფი
- შეუერთდეთ უკვე არსებულ Facebook ჯგუფს, სადაც თქვენი პოტენციური მომხმარებელია და რომელიც თქვენს ინდუსტრიას ერგება
ორივე ვარიანტი დაგეხმარებათ ტრაფიკის და ორგანული რიჩის გაზრდაში, თუმცა, რა თქმა უნდა, Facebook ჯგუფის დაარსება და მართვა უფრო დიდ დროსა და შრომას მოითხოვს, ვიდრე არსებულ ჯგუფთან კოლაბორაცია.
ამავდროულად, პირველი ვარიანტი უფასოა, ის მხოლოდ თქვენს დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. მეორე ვარიანტი კი, შესაძლოა ჯგუფის მოდერატორთან მოლაპარაკების შედეგად გარკვეული თანხა დაგიჯდეთ.
4. ორგანული პოსტის თარგეთირება
თარგეთირება არ შემოიფარგლება მხოლოდ Facebook რეკლამებით. შეგიძლიათ მოახდინოთ თარგეთირება ორგანული პოსტებისთვისაც, რათა დარწმუნდეთ რომ ისინი თქვენთვის საინტერესო აუდიტორიამდე მივლენ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა აჩვენოთ თქვენი პოსტი შესაბამის მომხმარებლებს, მათი ასაკისა და მდებარეობის მიხედვით.
ამისათვის, ეწვიეთ გვერდს. გადადით Settings (პარამეტრები) განყოფილებაში. აირჩიეთ General და შემდეგ Feed Audience and Visibility for Posts და მონიშნეთ ოფცია.

შედეგად, როდესაც შექმნით ახალ პოსტს, გექნებათ შესაძლებლობა აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო აუდიტორია. თავდაპირველად, გირჩევთ სცადოთ რამდენიმე ვარიანტი და შეადაროთ ისინი ერთმანეთს.
შედეგებიდან შესაძლოა თქვენი აუდიტორიის შესახებ ახალი ინფორმაციაც მიიღოთ, რაც სამომავლოდ როგორც ორგანული რიჩის, ასევე ფასიანი რიჩის გაზრდაშიც დაგეხმარებათ.
5. დაპოსტვის დრო
როდის არის საუკეთესო დრო Facebook-ზე დასაპოსტად? სამწუხაროდ, ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არ არსებობს. აი, რა უნდა გავითვალისწინოთ:
- თქვენი აუდიტორიის ლოკაცია
- თქვენი აუდიტორიის პროფილი (ასაკი, ინტერესები, პროფესია, ა.შ)
- რა სახის კონტენტს ქმნით (ფოტო, ვიდეო, ლაივი, სთორი)
2022 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, CoSchedule რამდენიმე საიდუმლოს გვიზიარებს:
ზოგადად, CoSchedule-ს აზრით, დაპოსტვის საუკეთესო დრო 19:00 და 15:15-ია.
რაც შეეხება კვირის დღეებს, ისინი განსაკუთრებით გამოარჩევენ პარასკევს, ოთხშაბათსა და ორშაბათს.
ხოლო სოციალური მედიისთვის ყველაზე ცუდ კვირის დღეებს კი, შაბათს, კვირასა და ხუთშაბათს უწოდებენ.
შესაძლოა ამ კვლევამ დაგვაბნიოს, თუმცა საშიში არაფერია. კარგია, თუ გავითვალისწინებთ კვლევებისა და პროფესიონალების აზრს, თუმცა ჩვენი აუდიტორია არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.
შეიხედეთ Facebook-ის ინსაითებში (Insights) და ნახეთ, თუ რა საათებში აქტიურობენ თქვენი მომხმარებლები სოციალურ ქსელებში.

ამისათვის, ეწვიეთ თქვენს გვერდს. მარცხენა პანელში, აირჩიეთ Insights, შემდეგ Posts და დაინახავთ კატეგორიას: When Your Fans Are Online.
ამ ინფორმაციების შეჯამებით კი, შეგიძლიათ აღმოაჩინოთ თქვენთვის საუკეთესო დრო და გაზარდოთ პოსტის ორგანული რიჩი მარტივად.
6. ვიდეო კონტენტი
ბოლო რამდენიმე წელიწადია, საგრძნობლად შეიცვალა ვიდეო კონტენტის მნიშვნელობა ფეისბუქზე. Variety-ს კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ ყოველთვიურად Facebook Watch-ზე ვიდეოებს 1.25 მილიარდი ადამიანი უყურებს.
Facebook-ი მუდამ ანახლებს Facebook Watch-ის განყოფილებას, რაც მარკეტერებს მეტი ვიდეო კონტენტის შექმნისკენ უბიძგებს.
იმისათვის, რომ უფრო მეტად დააინტერესოთ მომხმარებელი, შეგიძლიათ თქვენს ვიდეოს CTA (Call to Action) ღილაკები მიაბათ. AdExpresso-მ აღმოაჩინა, რომ ღილაკები “Learn More”,”Shop Now”, და “Sign Up” უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე სხვა დანარჩენი.
გარდა ამისა, შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს რიჩის ინსაითებიც (Insights), რაც თქვენი აუდიტორიის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ.
7. დაპოსტვის სიხშირე
ალბათ ხშირად გაგჩენიათ კითხვა: რამდენად ხშირად უნდა დავპოსტოთ ფეიქსბუზე? პასუხი არც თუ ისე მარტივია – გააჩნია.
ისეთი დიდი ვებ-საიტები და ონლაინ ჟურნალები, როგორებიც Telegraph, The New York Times და სხვები არიან, ყოველდღიურად ძალიან დიდი რაოდენობით მასალებს პოსტავენ.
სხვა ბრენდებისთვის კი, ეს ნაკლებად რეალისტურია. პირიქით, სულაც არ არის რეკომენდებული დღეში 20-ჯერ დაპოსტვა. მეტიც, რაც უფრო მეტს ვპოსტავთ დღეში, მით უფრო მცირდება ინგეიჯმენთი ჩვენს პოსტებზე.
დაპოსტვის სიხშირის ყველაზე აპრობირებული მეთოდი ასეთია: 1-დან 3 პოსტამდე დღეში, თუმცა აქაც, რა თქმა უნდა, გააჩნია ჩვენს აუდიტორიასა და კონტენტს.

8. Facebook-ის ახალი ფუნქციები
Facebook-ი ხშირად გვთავაზობს განახლებებსა და უახლეს ფუნქციებს. წარმატებული და ძლიერი მარკეტერები აუცილებლად ეცნობიან სიახლეებს და ცდილობენ მალევე აითვისონ ახალი ფუნქციები.
სწორედ მაშინ, როცა კონკურენცია დაბალია, ეს ფუნქციები განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობენ.
განვიხილოთ ერთი, უახლესი მაგალითი: ალბათ შეამჩნევდით, რომ Facebook-მა სულ რამდენიმე თვის წინ დაამატა „რილსის” და „ტიკტოკის” ანალოგი.
თუ იმ დროს ქართულ ბაზარს აკვირდებოდით, შეამჩნევდით, რომ ეს ვიდეოები განსაკუთრებული, შთამბეჭდავი პოპულარობით სარგებლობდნენ.
ქართულმა კომპანიებმა, რომლებმაც გზა სწრაფად გაიკვლიეს და ვიდეო მალევე ატვირთეს, ძალიან მაღალ ორგანულ რიჩს მიაღწიეს.
გთავაზობთ რამდენიმე შესაძლებლობას, ორგანული რიჩის გასაზრდელად:
- 360-degree Photos and Videos: ეს ფუნქცია გვაძლევს საშუალებას გადავიღოთ ფოტო-პანორამა 360 გრადუსით.
- Facebook Stories: ეს ფუნქცია ყველასთვის ნაცნობია, თუმცა, ქართული კომპანიები მას იშვიათად იყენებენ. აღსანიშნავია, რომ Facebook Stories ხშირად კარგ შედეგს გვაძლევს.
- Facebook Watch: როგორც უკვე ვახსენეთ, ვიდეო კონტენტი ფეისბუქზე სულ უფრო პოპულარული ხდება.
- Facebook Marketplace: გატესტეთ Facebook Marketplace თქვენი ბიზნესისთვის. გაგიკვირდებათ, თუ რამდენი ადამიანი იყენებს ამ ფუნქციას საქართველოშიც.
თქვენ რას დაამატებდით? გაგვიზიარეთ აზრი კომენტარებში!


