სულ რაღაც 2 კვირის წინ ვიხილეთ Instagram-ის ახალი ვერსიის დაანონსება და მისი ინტერფეისის დიზაინი. როგორც მაშინვე ავღნიშნე, Instagram-ი არამარტო ვიზუალურად. არამედ ფუნქციურადაც მაქსიმალურად ემსგავსებოდა TikTok-ს. იხილეთ 2 კვირის წინ დაანონსებული განახლების პრეზენტაცია:






ამ განახლებამ დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოიტანა. Instagram-ზე პეტიციაც კი შეიქმნა, სახელით „დააბრუნეთ ძველი ინსტაგრამი”. პოსტი ისეთმა სელებრითებმაც გააზიარეს, როგორიც კაილი ჯენერი და კიმ კარდაშიანი არიან. მათ 350 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავთ, ამიტომ ინსტაგრამზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანებად მიიჩნევიან.
ამ უარყოფითი გამოხმაურებების გამო, Instagram-ის გუნდმა უკან დახევა გადაწყვიტა. „მიხარია, რომ გავრისკეთ. თუკი ათასში ერთხელ კრახს არ განვიცდით, ესეიგი საკმარისად გაბედულები არ ვართ.” – ამბობს ინსტაგრამის დირექტორი ადამ მოსერი. „თუმცა, ნამდვილად საჭიროა უკან დახევა და ახალ იდეებზე ფიქრი. შეცდომებზე ვსწავლობთ, ვფიქრობთ და ვვითარდებით. ამიტომ ახლა ამაზე ვიმუშავებთ.”
გარდა ამისა, Instagram-მა გადაწყვიტა ნაკლები სარეკლამო და სარეკომენდაციო პოსტები გვაჩვენოს დღის განმავლობაში. თუმცა, გასულ ოთხშაბათს Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ თუკი დღეს Facebook-ის ფიდზე პოსტების 15% სარეკომენდაციო და სარეკლამო გვხვდება, 2023 წლის ბოლომდე ეს რიცხვი 30%-მდე გაიზრდება.
აშკარაა, რომ Instagram-ი თავის შეცდომას მიხვდა და მის გამოსწორებაზე მუშაობს. რაღა დაგვრჩენია და დაველოდოთ, რას მოიფიქრებენ და შემოგვთავაზებენ, რადგან Instagram-ის განახლების დრო ნამდვილად მოვიდა.