ლიდ გენერატორი: რა არის, რაში გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ

ლიდ გენერატორი (Lead Generation) არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სარეკლამო ატრიბუტი (Objective), რომელსაც Facebook-ი გვთავაზობს. მრავალი კომპანია სოციალურ ქსელს სწორედ ლიდების შეგროვების მიზნით იყენებს, რადგან Facebook-ი მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნის უნიკალური შესაძლებლობას გვთავაზობს.

რა არის ლიდი? ლიდი (Lead) გულისხმობს მომხმარებლების მონაცემების შეგროვებას მათი სურვილის გათვალისწინებით. Facebook-ის ლიდ რეკლამა გვაძლევს საშუალებას მივწვდეთ ჩვენთვის საინტერესო მომხმარებელს და ვუბიძგოთ მას საკუთარი მონაცემების გაზიარებისკენ. 

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რა მონაცემებზეა საუბარი? კომპანიას, რომელიც ლიდ რეკლამას უშვებს, აინტერესებს თქვენი სახელი, იმეილი, ტელეფონის ნომერი და ა.შ. კომპანიებს ლიდების მოსაგროვებლად შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეთ. განვიხილოთ მაგალითი:

თუკი თქვენ ეძებთ ბინას თბილისის ერთ რომელიმე კონკრეტულ უბანში, შესაძლოა შეგხვდეთ სამაკლერო სააგენტოს ლიდ რეკლამა, წარწერით: „ეძებ ბინას საბურთალოზე? დაგვიტოვე საკონტაქტო მონაცემები და ჩვენი აგენტები აუცილებლად დაგეხმარებიან სასურველი ბინის მოძებნაში!”. სარეგისტრაციო ღილაკზე დაკლიკების შემდგომ კი, ვავსებთ კითხვარს და ველოდებით ზარს აგენტისგან. 

რატომ ლიდ გენერატორი?

პასუხი მარტივია – კონვერსიის პროცესის გასაადვილებლად როგორც მარკეტერებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. 

ედვერთაიზერისთვის ლიდ რეკლამის შექმნა საკმაოდ მარტივია. მომხმარებლებს კი, არ უწევთ დიდი დროის დახარჯვა ფორმის შესავსებად. რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში, Facebook-ი ავტომატურად შეავსებს გრაფებს იმ მონაცემებით, რაც უკვე გაზიარებული გაქვთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მეილი. 

გარდა ამისა, მომხმარებლებს არ უწევთ აპლიკაციის დატოვება და სხვა საიტზე გადასვლა სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად. ყველაფერი Facebook-ის პლატფორმაზე ხდება, რაც მნიშვნელოვნად აადვილებს ამ პროცესს.

არსებობს ლიდის ფორმის შევსების რთული ფორმაც, რომელიც მომხმარებელს აიძულებს მონაცემების ხელით შეყვანას. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ასეთი ლიდი უფრო ხარისხიანი და მომგებიანია.

დადებითი მხარეები:

  1. ეფექტური საშუალება შეაგროვო პოტენციური მომხმარებლების მონაცემები 
  2. გაძლევს სეგმენტაციის საშუალებას დემოგრაფიისა და ლოკაციის მაგალითზე, რაც მოქმედებს ლიდების ხარისხზე 

უარყოფითი მხარეები:

  1. ადამიანებს ზოგჯერ არ უყვართ საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარება
  2. არასწორი თარგეთირება მოიტანს ცუდ შედეგს და დაჯდება ძვირი
  3. აუცილებელია ლიდის მიღებიდან მალევე დავუკავშირდეთ მომხმარებელს

ახლა კი, როდესაც უკვე ვიცით რა არის ლიდ გენერატორი, განვიხილოთ თუ როგორ მუშაობს ის.

როგორ მუშაობს ლიდ გენერატორი

როდესაც ვინმე დააჭერს ლიდ რეკლამას, ამოდის სარეგისტრაციო ფორმა. Facebook-ი მომხმარებლებს რეგისტრაციის პროცესს უადვილებს და ფორმას ავტომატურად ავსებს იმ მონაცემებით, რომლებიც უკვე გაზიარებული აქვთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მეილი. 

რეგისტრაციის შემდგომ, ედვერთაიზერს შეუძლია გადმოწეროს მონაცემები ან ავტომატურად გაუგზავნოს CRM (Customer Relationship Management) სისტემას.

განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი:

Facebook ლიდ რეკლამის მაგალითები

წარმოვიდგინოთ, რომ გვაქვს მუსიკალური სკოლა. იწყება ახალი სასწავლო წელი და შესაბამისად იქმნება ახალი ჯგუფები. გვსურს, მოვიზიდოთ დამწყები მუსიკოსები, რათა შევთავაზოთ ჩვენს კლასებში გაწევრიანება. 

პირველ რიგში, ვქმნით Facebook ლიდ რეკლამის კამპანიას. შემდეგ, ვქმნით სარეგისტრაციო ფორმას რომელიც განთავსებული იქნება ჩვენს რეკლამაზე. სარეგისტრაციო კითხვარს შევავსებთ იმ ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც გვჭირდება პოტენციური მომხმარებლისგან: სახელი, იმეილი, ტელეფონის ნომერი.

და ბოლოს, ვქმნით თარგეთირებულ აუდიტორიას ჩვენი კამპანიისთვის. თარგეთირებას ვახორციელებთ ასაკზე, ლოკაციაზე, ინტერესებსა და სხვა დეტალებზე დაყრდნობით. 

მაგალითად: 

ასაკი – მოსწავლეების ასაკობრივი დიაპაზონი (თუკი მოსწავლეების ასაკი არ აღემატება 18 წელს, მაშინ თარგეთად ვიღებთ მშობლებს და ვუთითებთ მშობლების ასაკობრივ რეინჯს) 

ლოკაცია – სადაც მდებარეობს ჩვენი სკოლა

ინტერესები – მუსიკა, მშობლები (Parenting), და ა.შ

როდესაც მომხმარებლები დააჭერენ ჩვენს რეკლამას, ისინი მარტივად შეავსებენ სარეგისტრაციო ფორმას Facebook-შივე და გამოაგზავნიან საკონტაქტო ინფორმაციას.

ახლა კი, გვაქვს დაინტერესებული მომხმარებლების ბაზა, რომლებსაც სატელეფონო ზარისა თუ იმეილის საშუალებით შევთავაზებთ ჩვენს მომსახურებას.

ლიდ გენერატორის ოპტიმიზაცია

Facebook-ზე რეკლამირება ზოგჯერ შესაძლოა რთული იყოს. ამ პლატფორმაზე ძალიან ბევრი ედვერთაიზერი და ულიმიტო რეკლამაა, რაც მეტად კონკურენტულ გარემოს ქმნის. ამიტომ, მაქსიმალური შედეგისთვის Facebook რეკლამების ოპტიმიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

პატარა დეტალების გათვალისწინებით, შეძლებთ დარწმუნდეთ, რომ თქვენი რეკლამა ნამდვილად მივა თქვენთვის საინტერესო ადამიანების რიცხვამდე და მიიღებთ სასურველ შედეგს. გთავაზობთ 4 ხრიკს, რომელიც Facebook ლიდის რეკლამის ოპტიმიზაციაში დაგეხმარებათ:

  1. გამოიყენეთ მიმზიდველი ფოტო ან ვიდეო რომელიც თქვენი აუდიტორიის ყურადღებას მიიპყრობს და გაზრდის CTR (Click-through Rate) მაჩვენებელს
  2. შეარჩიეთ სწორი სარეგისტრაციო ფორმა. როგორც უკვე ვახსენეთ, არსებობს რთული და მარტივი სარეგისტრაციო ფორმა. მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შემთხვევაში, Facebook თავად ავსებს მომხმარებლის მონაცემებს, ხოლო რთული სარეგისტრაციო ფორმის შემთხვევაში მომხმარებელს თავად უწევს მონაცემების შეყვანა. დაფიქრდით და გააანალიზეთ რომელი ფორმა იქნება თქვენი კამპანიისთვის უფრო ეფექტური. 
  3. დარწმუნდით, რომ CTA (Call-to-action) ყველასთვის გასაგებია. მკაფიოდ მიანიშნეთ პოტენციურ მომხმარებლებს რეკლამის მიზანი. მაგ: Sign Up
  4. გამოიყენეთ მიმზიდველი შეთავაზება, მაგალითად: ფასდაკლება, უფასო მასტერკლასი და სხვა.

გამოიყენეთ ეს რჩევები თქვენი ბიზნესისა და მომხმარებლების რიცხვის გასაზრდელად. 

(Visited 192 times, 1 visits today)

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *