TikTok-ი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელია, რომელმაც სოც. მედიის სფეროში უამრავი ახალი დეტალი და ტრენდი შემოიტანა. დღეს, ყველა გიგანტი სოციალური ქსელი ცდილობს მიბაძოს TikTok-ს და მაქსიმალურად დაემსგავსოს მას, რადგან მის გამოჩენამდე, ინტერნეტსივრცეს ასეთი აქტიურობა არ უნახავს.
TikTok-ი კარგად ხვდება თუ რამხელა ძალის მატარებელია ამ ინდუსტრიაში, სწორედ ამიტომ, დღითიდღე ვითარდება, ზრდის შესაძლებლობებს კონტენტ კრეატორებისთვის და ცდილობს მის პლატფორმაში გააერთიანოს ყველაფერი, რაც დღეს ინტერნეტის მომხმარებელს სჭირდება.
ბოლო ასეთი განახლებით, TikTok-ი საძიებო სისტემებს უპირისპირდება, რაც, უნდა ავღნიშნო, სავსებით რეალური და წარმატებულია. სოციალურმა ქსელმა ამისთვის ახალი ფუნქციაც დაამატა – კომენტარების თავზე გვიწერს ვიდეოს თემატიკის ჰეშთეგს, რათა გადავიდეთ შესაბამის გვერდზე და ვიხილოთ მეტი მსგავსი ვიდეო.
აღსანიშნავია, რომ თურმე უკვე ბევრი მომხმარებელი იყენებს TikTok-ს როგორც საძიებო სისტემას. ამ მომხმარებლების 70%-ს, რა თქმა უნდა, Gen Z-ი (ახალ თაობას) წარმოადგენს.
მიზეზი, თუ რატომ ხდება TikTok-ი საძიებო სისტემა, არის თუნდაც ის, რომ მომხმარებლებს სურთ სანდო რჩევის მიღება ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელმაც უკვე მიიღო გამოცდილება რესტორანში სტუმრობით, რეცეპტის გამეორებით, ბიზნესის დაწყებით თუ სხვა.
გარდა ამისა, რაც უფრო ვითარდება მსოფლიო და იზრდება ცხოვრების ტემპი, ადამიანებს ნაკლები დრო რჩებათ სტატიების კითხვისა და რამდენიმე წყაროს მოძიებისთვის. TikTok-ი ამ მხრივ მარტივი გამოსავალია. სულ რაღაც 15-30 წამიანი ვიდეოთი შეგიძლია შეიტყო ნებისმიერი ინფორმაცია საკითხზე, რომელიც გაინტერესებს. მეტიც, ინფორმაციის მიღების პარალელურად, ვიზუალურად ხედავ ყველაფერს, რაც საკითხის აღქმას გიმარტივებს.
განვიხილოთ მაგალითი
ამ ლოგიკით, დავუშვათ, რომ მე მაინტერესებს რამდენად ღირს ახალი Macbook Air-ის შეძენა. ინფორმაციის მოძიების რამდენიმე საშუალება მაქვს: Google, Youtube, TikTok.
თუკი ინფორმაციის ძებნას დავიწყებ Google-ში, ეს ძალიან ბევრ დროს წამართმევს, პირველს, რასაც ვიხილავ იქნება Apple-ს გვერდი, საიდანაც შევიქმნი წარმოდგენას. შემდეგ, უნდა ვეძებო სანდო წყაროები, რათა ვნახო შეფასება და მისი შედარება სხვა ლეპტოპებთან. თუ გამიმართლა, ვნახავ ბლოგს სადაც თავმოყრილია ყველა ის ინფორმაცია, რაც გადაწყვეტილების მიღებაში დამეხმარება. (დავხარჯე მინიმუმ 30წთ)
თუ არ გამიმართლებს, გადავდივარ Youtube-ზე, რათა ვიზუალურადაც დავინახო ლეპტოპი და იქნებ შედარებითი ვიდეოც შემხვდეს. თითო ასეთი ვიდეო, მინიმუმ 10 წუთიანია. რა თქმა უნდა, ვიდეოს მოსდევს შესავალი, რომელიც არავის აინტერესებს, შემდეგ სპონსორის რეკლამა და მხოლოდ 3-4 წუთის მერე იწყება მიმოხილვა. (დავხარჯე მინიმუმ 15წთ)
რას აკეთებს ამ დროს TikTok-ი? ყველა ის დადებითი მხარე, რაც გვჭირდება Google-დან და Youtube-დან გაერთიანებულია, ხოლო ყველა ის პრობლემა, რაც გვაფერხებს, გადაჭრილია! მოკლე, მაქსიმუმ 1 წუთიანი ვიდეოთი ვიზუალურად იხილავთ ლეპტოპს, შეიტყობთ დადებითი მხარეებს და მოისმენთ მომხმარებლის გამოცდილებას. (დავხარჯე მინიმუმ 15წმ, მაქსიმუმ 3 წთ)
რას ნიშნავს ეს ციფრული მარკეტინგის მენეჯერებისთვის?
თუკი სოციალურ მედიასთან მუშაობა გიწევთ, აუცილებელია მოერგოთ მუდამ განვითარებად ტრენდებს და სტანდარტებს. TikTok-ი მალე ყველა სოციალური მედია მენეჯერის გარდაუვალი პლატფორმა გახდება.
2021 წლის ბოლოს, TikTok-მა Google-ს პოპულარულობაშიც კი გადაუსწრო. 2022 წლის პირველ ნახევარში კი, ის ყველაზე ხშირად ჩამოტვირთვადი აპლიკაცია გახდა.
დროა, მეტი ყურადღება დავუთმოთ TikTok-ს და გამოვიყენოთ ნაკლებად კონკურენტული გარემო ახლა, რადგან მალე ეს ფუფუნება აღარ გვექნება.
რა თქმა უნდა, არ ვივიწყებთ ტრადიციულ საძიებო სისტემებს და კვლავ ვაგრძელებთ მათზე მუშაობას. Google-ს SEO ყოველთვის იყო და დარჩება ციფრული მარკეტინგის მთავარ ნაწილად.